თბილისის საკრებულომ წარმატებულ ემიგრანტ ქალბატონებს უმასპინძლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრებმა წარმატებულ ემიგრანტ ქალბატონებს საკრებულოში უმასპინძლეს. შეხვედრას ის ქალბატონებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც საზღვარგარეთ გაწეული ღვაწლისთვის შარშან შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება, რომელიც დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა.
გიორგი ალიბეგაშვილმა სტუმრებს გაზაფხულის ქალთა დღესასწაულები მიულოცა და საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ,,ძალიან დიდი სითბო და პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ. ის ღირსება რაც ქართველ ქალს ყოველთვის ახასიათებდა არ იკარგება. იმის მიუხედავად, რომ თითოეული თქვენთაგანი სამშობლოსა და ოჯახსაა მოწყვეტილი, მაინც ახერხებთ ჩვენი კულტურის შენარჩუნებას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და თქვენც სიხარულით დაუბრუნდებით თქვენს სამშობლოს”,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ.
,, ქართველო ქალბატონებო და ქართველო დედებო, მინდა მოგეფეროთ და დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა. ის ღვაწლი და სიკეთე, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისთვის, თქვენი შვილებისთვის და ასევე ემიგრაციაში დაბადებული ბავშვებისთვის აკეთებთ ფასდაუდებელია. თქვენ ჩვენ გვაძლიერებთ. ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს”, – აღნიშნა რიმა ბერაძემ. მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს წევრებმა – ქეთევან ჯოხაძემ, გულია გოცირიძემ, ქეთევან მამულაშვილმა, ზაზა კოლელიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა თემურ ჭკუასელმაც მიმართეს.

​დეპუტატებმა უცხოეთში მცხოვრებ ქალბატონებს საკუთარ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის ახალგაზრდა თაობას ხელს შეუწყობს ქართული კულტურის შენარჩუნებაში, რაც მათი განცხადებით, სამშობლოში დაბრუნების სტიმულს კიდევ უფრო გააღრმავებს. ემიგრანტი ქალბატონები ორგანიზაციის ,, მე დავბრუნდები” თავმჯდომარემ ინა ასანიძემ წარადგინა. მისი ინიციატივით საქართველოს წელს 12 ემიგრანტი ქალი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, აშშ-დან, იტალიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან ეწვია. როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განმარტა, ნომინირებული პირების შერჩევა ძირითადად ადგილობრივი ქართული სათვისტომოების მიერ განხორციელდა, რომლის მთავარ კრიტერიუმებს ქალბატონების მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებები და უცხო ქვეყანაში ქართული საქმის კეთება წარმოადგენდა. მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრეს და საკრებულოს წევრებს თბილი, ემოციური და საქმიანი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის დასასრულს წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება ,, წარმატებული ემიგრანტი ქალები” საქართველოში უკვე მეორე წელია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები