გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ბათუმში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა და, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შეხვდება.
ბათუმში წუხელ განვითარებული მოვლენების გამო უკვე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.
აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციელებს ქვებს უშენდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, დააზიანეს ინფრასტრუქტურა.
ბათუმში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია.
ბოლო ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქციის დროს დაშავებულმა 34-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის 15 პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება დაიწყო 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, მასობრივი არეულობა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა და შესაბამისად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები