დიმიტრი ქუმსიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა იყო პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იოს დაუმას Johannes (Jos) DOUMA შეხვედრის ძირითადი თემები.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო უწევს საქართველოს, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესში ჩვენი ქვეყნისთვის აღმოჩენილი დახმარება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წარმატებულია თანამშრომლობა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ადამიანური რესურსების პოტენციალის გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფა, სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკასა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმატებულ მისიასთან დაკავშირებით.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სავალუტო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება ახალი, სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ და მნიშვნელოვანია, რომ ფონდი სრულად იზიარებს და მიესალმება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს წარმოადგენენ ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორები, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო კონტაქტი და თანამშრომლობა.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის პარტნიორობა, ასევე, ხაზგასასმელია სოფლის მეურნეობის განვითარების, კერძოდ, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაციისა და წყალანირების პროექტების დაფინანსების მიმართულებით.
ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანიის (FMO) მხრიდან გამოთქმულია დაინტერესება ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებით და ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვებით.
ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, საქართველოს აქვს გამორჩეული პირობები ბიზნესგარემოს თვალსაზრისით და ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად.
ფინანსთა მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები