გიორგი მარგველაშვილი მზადაა კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვაში ჩაერთოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კონსტიტუციის საერთო განხილვაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ეკა მიშველაძემ აღნიშნა, 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება. მისივე თქმით, პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები. ეკა მიშველაძის განცხადებით, პროექტი გულისხმობს კონსტიტუციასა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, და კონსტიტუციის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას. „გიორგი მარგველაშვილმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ჩართულიყო კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვაში. შესაბამისად, მინდა გაცნობოთ, რომ 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება კამპანიის პრეზენტაცია, თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და გულისხმობს აღნიშნული პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს. ჩვენ საზოგადოებას უფრო კონკრეტულად გავაცნობთ სამოქმედო გეგმას და კამპანიის მიზნებს. ზოგადად კი, პროექტი გულისხმობს კონსტიტუციასა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და კონსტიტუციის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, რაც თავისთავად, უზრუნველყოფს დემოკრატიის მთავარ ღირებულებას – მომავალი სახელმწიფო მოწყობის მოდელში და ქვეყნის მართვაში ხალხის ჩართულობის მეტ გარანტიებს.
ამ კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ჩვენ კი ამ შეხედულებებს საჯაროს გავხდით და იმედი გვაქვს, ისინი იქნება მოსმენილი და გაზიარებული. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები