„ეს ჩემთვის გარდა პროფესიული გამოწვევისა დიდი პასუხისმგებლობაცაა“ – ინტერვიუ TCR International -ის მონაწილე პირველ ქართველ ავტომრბოლელთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia force-ის წევრი,  შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია  პირველი ქართველია ავტოსპორტის ისტორიაში, რომელიც ჩემპიონატ  – TCR International-ში მონაწილეობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ ჩემპიონატს წელს პირველად  საქართველო უმასპინძლებს. დათა ქაჯაია „კვირასთან“ ინტერვიუში ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარების მნიშვნელობაზე, კარიერაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასა და  ოჯახზე ვრცლად საუბრობს.
– თქვენთვის, როგორც სპორტსმენისთვის, რას ნიშნავს ჩემპიონატ TCR International-ში მონაწილეობის მიღება?
– ჩემთვის დიდი პატივია ისეთი მაღალი რანგის ჩემპიონატში მონაწილეობა, როგორც TCR International -ია და იქ ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობა. ეს ჩემთვის გარდა პროფესიული გამოწვევისა, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ვარ პირველი ქართველი ავტოსპორტის ისტორიაში, ვინც მონაწილეობას იღებს მსოფლიო ჩემპიონატში, პირველად ხდება ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველო უმასპინძლებს ჩემპიონატს, 1-2 აპრილს სწორედ რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდება გახსნის საზეიმო ცერემონიალი, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ავტოსპორტის ყურადღების ეპიცენტრში იქნება ჩვენი ქვეყანა.
– რა მნიშვნელობა აქვს ამ ჩემპიონატს ზოგადად და რამდენი ქვეყანა მონაწილეობს?
– ამ საერთაშორისო სერიის მასპინძლობით და ქართველი მრბოლელის წარდგენით, საქართველო დაფიქსირდება მსოფლიო ავტოსპორტის რუქაზე. ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რა შედეგი ექნება ამ მონაწილეობას ჩვენთვის, დავიმკვიდრებთ თავს ავტოსპორტში თუ ეს იქნება უბრალოდ, ერთი გაელვება. დიდია ინტერესი ჩვენ მიმართ და იმედი მაქვს, შევძლებთ თავი გამოვიჩინოთ, როგორც სპორტული შედეგის თვალსაზრისით, ასევე, როგორც სტუმართმოყვარე, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანამ. ჩემპიონატში 15 ქვეყანა ასპარეზობს, სულ დაახლოებით 50-მდე სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი. აბსოლუტური უმრავლესობა პირველად მოხვდება საქართველოში.
-თქვენ პირველად იღებთ მონაწილეობას? როგორ ემზადებით ჩემპიონატისთვის?
– ამ სერიაში შარშანაც ვასპარეზობდი, სადაც ტოპ ათეულში მოვხვდი, რაც, ვფიქრობ, პირველი წლისათვის არ არის ცუდი შედეგი, თუმცა რომ არა ტექნიკური პრობლემები, ნამდვილად იყო შანსი, უფრო მაღალი შედეგისათვის მებრძოლა. წელს ახალ ტექნიკურ გუნდთან ვთანამშრომლობთ და ვიასპარეზებ სხვა მარკის ავტომობილით. შესაბამისად, დავიწყე მანქანის გაცნობა, ამ მიზნით, მონაწილეობას ვიღებ ახლო აღმოსავლეთის ჩემპიონატის ეტაპებზე (TCR MIDDLE EAST). მანქანამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, განვლილ ორივე ეტაპზე მეორე ადგილზე გავედი. 9-10 მარტს არის შემდეგი ორი ეტაპი ბაჰრეინში.
რა სირთულეებია გასავლელი აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად და შემდეგ უკვე გასამარჯვებლად? ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად და მით უმეტეს, გასამარჯვებლად, ძალიან ბევრი სირთულეა გადასალახი, სხვადასხვა ხასიათის ნიუანსი და დეტალია დასაორგანიზებელი, ავტოსპორტსმენს სჭირდება ერთი მხრივ, დიდი ნიჭი და ძალისხმევა, ადგილობრივ და საერთაშორისო ჩემპიონატებში მიღებული ტიტულები და მეორე მხრივ, კარგი სპონსორი, სწორად შერჩეული ტექნიკური გუნდი და რა თქმა უნდა, გამართლება.
როგორც ვიცით, 2017 წლის სეზონზეალფა რომეოსმარკის მანქანით გამოხვალთ, რა უპირატესობა აქვს ამ მოდელს? გვიამბეთ თქვენი ახალ ავტომობილის შესაძლებლობების შესახებ.
დიახ, ახალ სეზონს „ალფა რომეო ჯულიეტას“ მანქანით ვუერთდები. ტესტირებისას, მანქანა ძალიან მომეწონა, თუმცა ბევრი დეტალი არის დასახვეწი და ჯერაც სატესტო რეჟიმშია, თუმცა რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, არის გუნდის მიდგომა – ძალიან მოტივირებულები არიან და ყველა შესაძლო ზომას მიმართავენ მანქანის სრულყოფისათვის, პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული ტექნიკური ნაწილი და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი, როგორც პილოტის აზრი და შთაბეჭდილება გაითვალისწინონ, ყოველი გასვლის შემდეგ უკეთესი შედეგის მისაღებად.
რამდენად კვალიფიციურ მრბოლელებთან მოგიწევთ პაექრობა და როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდება შეჯიბრი?
-ვინც შარშან ადევნებდა თვალს ჩემპიონატს, დამეთანხმება, რომ მრბოლელები არიან უმაღლესი პილოტაჟის მქონე პროფესიონალები და თანამედროვე მსოფლიო ავტოსპორტის ვარსკვლავები. ჯერ მარტო მათ გვერდით ასპარეზობა იძლევა დიდ გამოცდილებას. ვფიქრობ, დიდი სტიმული იქნება ამ დონის სპორტსმენების სტუმრობა ჩვენი დამწყები ნიჭიერი მრბოლელებისათვის.
უშუალოდ, თქვენს კარიერას რომ თვალი გადავავლოთ, ავტორალში ბადალი არ გყავთ და პირველობას თითქმის არავის უთმობთ, ამ ყველაფრის უკან ალბათ უდიდესი შრომა დგას. როდის მიხვდით, რომ ავტომრბოლელობა გინდოდათ და რა ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?
– დიდი მადლობა, თუმცა ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა. ჩემს მოწოდებად ამ სპორტმა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დაიწყო ჩამოყალიბება, შემდეგ კი ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს არის ის, რისი კეთებაც ყველაზე ძალიან მინდა და ყველაზე კარგადაც გამომდის ცხოვრებაში. საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც პროფესიულ სპორტში შევდგი ფეხი და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ვემსახურო ამ საქმეს. რა თქმა უნდა, ავტოსპორტს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახეობას, დიდი ძალისხმევა სჭირდება – ეს არის ჯანსაღი კვება, აქტიური ცხოვრების სტილი, ნებისყოფის და რეაქციის მუდმივი ვარჯიში.
თქვენ ასევე აქტიურად ხართ ჩართული შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში და ამავე დროს, ხართ ამ კამპანიის სახე. რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს კამპანია და რა ურჩევთ მძღოლებს?
– დიახ, მოხარული ვარ, რომ ვარ დღეისათვის ამ მეტად დროული და საჭირო კამპანიის სახე. მგონია, რომ იგი სხვადასხვა აქტივობების წყალობით, ცნობადია საზოგადოებაში და მას ნელ-ნელა თავისი შედეგებიც მოაქვს – უკვე ვაცნობიერებთ, თუ რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რომ ამ წესების დაცვა არც ისე რთულია. ყველას – მძღოლებსაც და ქვეითებსაც მოვუწოდებ, დავიცვათ წესები, ნუ უგულებელვყოფთ დადგენილ ნორმებს, დავუთმოთ ერთმანეთს, თუნდაც ამას კონკრეტულ შემთხვევაში კანონი არ გვავალდებულებდეს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოწესრიგდება საგზაო მოძრაობა.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, მძღოლი საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლეს?
-ჩემი აზრით, ნებისმიერმა, თუნდაც ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვანი წესის დარღვევამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიღოს, აღარაფერს ვამბობ ნასვამ მდგომარეობაზე, ღვედის  გამოუყენებლობაზე, შუქნიშნის იგნორირებაზე.
საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი სპორტსმენი ბრძანდებით და ბევრი გულშემატკივარიც გყავთ. ცოტამ თუ იცის თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ. როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება? გყავთ თუ არა ოჯახი? რამდენად დიდ დროს უთმობ მათ?
– მყავს მეუღლე და სამი შვილი. შეძლებისდაგვარად, დიდ დროს ვუთმობ ოჯახს, ბავშვებს. როცა საქართველოში ვარ, ვცდილობ, მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო სახლში. თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრები მრჩებიან, ყოველი ეტაპის შემდეგ, დიდი განხილვები გვაქვს უცხო ტრეკის და რბოლის შედეგების. ისე მოხდა, რომ ჩემი ოჯახიც და ჩემი მეგობრებიც დიდი დოზით არიან ჩართული ავტოსპორტში, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მახარებს და კომფორტს მიქმნის. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის დიდი არმია გულშემატკივრებისა, რომელიც ზუსტად ჩემი ოჯახივით არის ჩართული ამ საქმეში და თავისი დიდი მხარდაჭერით, უცხოელი მეგობრები და ჩემპიონატის ორგანიზატორებიც კი გააოგნეს. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის, ვსარგებლობ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ გვერდში დგომისათვის! წინ ძალიან დაძაბული სეზონი მელის და ამ მხარდაჭერას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები