საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში მიიწვია

“საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის”, – ამის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და მათი შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
​საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა და საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრისას, განიხილეს საქართველოდან საბერძნეთის პორტებში საბორნე მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს და საქართველოს შესაძლო მონაწილეობას აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილ სატრანსპორტო პროექტებში.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ნიკოს კოძიასმა გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები