ირაკლი კობახიძე ყატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ყატარის სახელმწიფოს ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2016 წელს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები იყო მზარდი და აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. მისივე თქმით, ტურიზმის ზრდას ხელს უწყობს ყატარის ავიახაზების საკმაოდ აქტიური მიმოსვლა თბილისსა და დოჰას შორის და სასურველია, თუ კიდევ უფრო გააქტიურდება ხალხთა შორისი ურთიერთობები.
საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ცალსახად პრო-დასავლურია და საქართველოს სურს გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი, რასაც ადასტურებს პარლამენტის მიერ, გასული წლის დეკემბერში მიღებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის, ამავე დროს, პრიორიტეტულია ურთიერთობების გაღრმავება ახლო აღმოსავლეთში ყურის ქვეყნებთან, რასაც ცხადყოფს რამდენიმე კვირის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის ქვეყნების სამდივნოს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებაზე და ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყატარის სახელმწიფოს ელჩს განუცხადა, რომ საქართველოს არასდროს დაავიწყდება ის სოლიდარობა, რაც ყატარის მთავრობამ 2015 წელს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოავლინა. „მაშინ, ყატარის მთავრობამ სერიზული ფინანსური დახმარება აღმოუჩინა საქართველოს. ძალიან ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას და მას ძლიერი მეგობრობის ნათელ დასტურად აღვიქვამთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ყატარის სახელმწიფოს ელჩის, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას განცხადებით, ყატარის საელჩოს არსებობა თბილისში და საქართველოს საელჩოს ფუნქციონირება დოჰაში ხელს უწყობს ეკონომიკური, კულტურული და ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას.
ყატარის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პირადად გადასცა მოწვევა დოჰას ფორუმზე დასასწრებად, რომელიც მაისის თვეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები