კახა კალაძე პრემიერის ინიციატივას მიესალმება – “მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხიც აუცილებლად მოიმატებს”

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთავრობის მეთაურის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე მიესალმება.  როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის ან სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებს რომ არ გასცდეს, საჭიროა კონცეფცია, რომელიც ამ ქაოსს წესრიგში მოიყვანს.
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ინიციატივას მედიაომბუდსმენის შესახებ მივესალმები. თავისთავად მედიის მდგომარეობა დღევანდელი მოცემულობით მე პირადად, როგორც მაყურებელს, მაკმაყოფილებს და ჩემში შფოთს არ იწვევს, ბევრი ტელეკომპანია მაუწყებლობს დღეს ჩვენ ქვეყანაში, ბევრი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაა შექმნილი, პრინციპში ყველა მათგანი გასულია კონტროლის ან ცენზურის ზონიდან, ზოგ შემთხვევაში თვითკონტროლის ზონიდანაც კი.
ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას, რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით 2012 წლამდე და ძალიან კარგი იქნება თუ მოვიშველიებთ სტატისტიკას, ვნახავთ რამდენი ლიცენზია იყო გაცემული, რამდენი ლიცენზია არის 2012 წლიდან დღემდე გაცემული. ეს ყველაფერი გამოგვადგება შედარებისთვის. ამას დავარქვით ყველამ თავისუფლება და მიგვაჩნია ასევე ყველას, რომ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა ჩვენს ქვეყანაში. ამის ფონზე სამართლებრივი დავა „რუსთავი 2“-ის გამო, რომელიც შეიფუთა ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი, თვალსაჩინოს ხდის ერთ მთავარ პრობლემას – მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს, ან ამ მუშაობაში გარეშე ძალის შეჭრა და ჩარევა არ მოხდეს, საჭიროა ერთგვარი მონიტორინგი, უფრო სწორად იდეა, კონცეფცია, რომელიც ამ ვნებებს და ქაოსს წესრიგში მოიყვანს. ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა საერთაშორისო სპეციალისტები იქნან მოწვეული ამ ყველაფრის შესასწავლად და მოსაწესრიგებლად, მე ვფიქრობ, არის ძალინ მნიშვნელოვანი და დროული. მე პირადად ვისურვებდი, რომ ბატონი ადამ მიხნიკიც ჩართული იყოს ამ ჯგუფის მუშაობაში, ეს უბრალოდ მაგალითად მომყავს, ვინ თუ არა ის შეაფასებს, შეადარებს და რაციონალურად განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ხარისხს დღევანდელ და გუშინდელ საქართველოში.
ჩვენ ოპონენტებს არ უყვართ ხოლმე საუბარი, როდესაც წარსულს ვახსენებთ, როდესაც ვეუბნებით ამ მიმართულებით რა მდგომარეობა იყო, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მედია, მაგრამ რას იზამ, უნდა მოვახდინოთ შედარებები, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად… დარწმუნებული ვარ, მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხიც აუცილებლად მოიმატებს. რაც მეტია თავისუფლება, მით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს ნებისმიერ საქმეში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები