იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” “საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისი თანმდევი კანონპროექტები განიხილა.
ცვლილების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოს ეროვნულ ბანკი განისაზღვრება. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია გადაეცა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა აღნიშნული ცვლილებების მოქმედება და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოს ამჟამად წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, საქართველოს მთავრობამ გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გადაცემის შესახებ. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც, რომლის თანახმად ეროვნული ბანკი უნდა აერთიანებდეს როგორც მონეტარული პოლიტიკის ფუნქციას, ასევე, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციას.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი და მართებული გადაწყვეტილება დღევანდელი ეტაპისთვის. დღეს, მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვთ საკმაოდ მაღალი დონის კომუნიკაცია და ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტს და რეფორმას”,-განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები