„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში 2017-2018“ -ის ფარგლებში ელექტრონული აპლიკაციების მიღება დასრულდა

2017 წლის 6 მარტს „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში 2017-2018“ -ის ფარგლებში ელექტრონული აპლიკაციების მიღება დასრულდა. განათლების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, განაცხადი 120-ზე მეტმა კონკურსანტმა შეიტანა.
„პროგრამა მიზნად ისახავს 50 ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები. 2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საპროექტო შეთანხმებას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად.
პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი, და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი. ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში წარმატებით ატვირთული აპლიკაციები შემდგომი განხილვისთვის და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრს.

სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი ჩაატარებს შუალედურ შერჩევას, რაც გულისხმობს ხარისხობრივი შეფასებასა და აპლიკანტებთან გასაუბრებას, საბოლოო შესარჩევ პროცედურას კი უნგრული მხარე და მასპინძელი ინსტიტუტები განახორციელებენ. აპლიკაციებს განიხილავს და შეაფასებს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, კომისია კი საკონკურსო პირობებს ადგენს. კონკურსის მეორე ეტაპზე გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც შეფასების პირველ ეტაპს წარმატებით გაივლიან. საერთაშორისო კომისია კონკურსის საფუძველზე გამოავლენს აპლიკანტებს, რომელთა ნომინირებაც მოხდება უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის გრანტზე. ნომინირებულ აპლიკანტებს მასპინძელი ინსტიტუტები ირჩევენ.
გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ინსტიტუტსა და უმაღლეს სკოლას შესაძლოა, მიღების პროცესში ჰქონდეს დაწესებული დამატებითი გამოცდა ან ინტერვიუ. საბოლოო საკონკურსო შედეგები საზოგადოებისთვის 2017 წლის პირველ აგვისტომდე გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები