კომპანია „მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს

 კომპანია „მათე მოტორსის“ მფლობელი – გელა ბარკალაია დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა ბარკალაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.
„კვირას“ გელა ბარკალაიას დაკავების ფაქტი შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, „მათე მოტორსის“ მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 144-ე პრიმა მუხლის (წამების მუქარა) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 157-ე (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა)მუხლითაა დაკავებული.
„კვირა“ კომპანია „მათე მოტორსსაც“ დაუკავშირდა, თუმცა, კომპანიის იურიდიულ განყოფილებაში გელა ბარკალაიას დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელი საზღვარგარეთ იმყოფება. „ბატონი გელა საქართველოში არ იმყოფება, ის დუბაიშია წასული “, – აცხადებენ „მათე მოტორსში“. ​ ​
შეგახსენებთ, რომ გელა ბარკალაია 2009 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დააკავეს. მაშინ ბიზნესმენს რამდენიმე მანქანა ჩამოართვეს. წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონება ბიზნესმენს 2015 წლის 24 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ დაუბრუნა. „მათე მოტორსის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ გელა ბარკალაიას 10, დანარჩენ ორ მოქალაქეს კი ორი ავტომანქანა დაუბრუნდა. „მათე მოტორსის“ კუთვნილი 10 სატრანსპორტო საშუალებით ამ წლების განმავლობაში სამართალდამცველი უწყება სარგებლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები