ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი პრევენციულ განცხადებას ავრცელებს და “ფინანსური პირამიდის” არსზე და სქემაში მონაწილეობის საფრთხეზე კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს. ​
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “ფინანსური პირამიდა”, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან ინვესტიციას და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი და/ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ამასთან, მათი განმარტებით, ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალდებულებების გასასტუმრებლად, სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო.
„საყურადღებოა ერთი ფაქტორიც: მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.
როგორ ამოვიცნოთ ე. წ. “ფინანსური პირამიდა”? კომპანია პოტენციურ წევრს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს ან შემოსავალს ჰპირდება. კომპანია აწარმოებს მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს, მათ შორის, სოციალური ქსელით და ინტერნეტის საშუალებებით. ხშირად, კლიენტურის გაფართოების მიზნით, კომპანია ატარებს ე.წ. “საქველმოქმედო” აქციებს. გამოიჩინეთ სიფრთხილე საკუთარი თანხების დაბანდებისას და გაითვალისწინეთ, რომ ასეთი კომპანიებისთვის დანაზოგის მინდობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ და სამართლებრივ რისკებთან”, – აფრთხილებს მოსახლეობას ეროვნული ბანკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები