ბექა ნაცვლიშვილი: ჩვენმა ეკონომიკურმა რეფორმება ეფექტური შედეგი გამოიღო – საქართველო 285 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებს

უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მილიონი დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა ეფექტური შედეგი გამოიღო და ფონდი იზიარებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. შესაბამისი განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, სავალუტო ფონდმა კვოტით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოყოფაზე განაცხადა თანხმობა, რაც ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი ნდობის მაღალ ხარისხს.
​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოში მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით ძალიან დიდი გაუმჯობესება შეინიშნება და ეს ბიზნესის წარმომადგენლების და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ნდობის ფაქტორს ზრდის.
„ბიუჯეტი სწორად იყო დაგეგმილი და შესაბამისად, მივაღწიეთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ეკონომიკის მიმართულებით. როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესის მხრიდან გაიზარდა ნდობა და ეს თავისთავად, დადებითად აისახა ეკონომიკაზე. ასევე, მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან ეკონომიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, წინა წლის იანვართან შედარებით, ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. ასევე გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ კომპანიათა ბრუნვა. ზოგადად, რაც არის, მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით ძალიან დიდი გაუმჯობესება გვაქვს. ასევე, დადებითი შედეგი გამოიღო ლარიზაციის პროგრამამ.
გვაქვს კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია – სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების ჩამოსვლა საქართველოში. შედგა შეთანხმება და საქართველოს გამოუყვეს კვოტით განკუთვნილი თანხა – 100%-იანი ტრანში. ეს არის 285 მლნ. აშშ დოლარი, რომელიც სამ წელიწადში უნდა გაიხარჯოს და ამან კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ეს არის ეროვნული ბანკის ფული და ეროვნული ბანკი იქნება სწორედ ამ მიკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად. ეს ყველაფერი არის გამოძახილი რეფორმების შედეგად მიღებული ტენდენციებისა. სწორედ ამ გარემოებებმა მისცა სავალუტო ფონდს საფუძველი, რომ მთლიანი კვოტა მოეცათ, მაშინ, როცა შეეძლოთ, რომ კვოტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მოეცათ, თუმცა ნდობის ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ საქართველოს რაც ეკუთვნოდა, სრულად გამოგვიყვეს“ , -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები