ირაკლი კობახიძე: პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი კონსტიტუციაში ორი სხვადასხვა სახით უნდა აისახოს
“პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხზე წინასაარჩევნო დაპირებით ვართ შეზღუდული და ეს დაპირება ორი სხვადასხვა სახით უნდა აისახოს კონსტიტუციაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას განმარტა, ამ ეტაპზე, არის ორი ვარიანტი: დღეს არსებული ჩანაწერი პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დარჩეს კონსტიტუციაში ან ამოღებულ იქნას კონსტიტუციიდან და ამ ეტაპზე რეგლამენტში შენარჩუნდეს.
„ქუთაისში პარლამენტის ადგილსამყოფელი უფრო ტექნიკურ საკითხად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, არჩევნების წინ მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერდა გარკვეული დაპირებები მოსახლეობის მიმართ და ეს დაპირებები რაღაცნაირად უნდა გავითვალისწინოთ ცვლილებების განხორციელებისას. აქ ორი ვარიანტია: ერთი, რომ დარჩეს ის ჩანაწერი, რაც დღეს არის კონსტიტუციაში ან მეორე, რომ ამოვიღოთ ჩანაწერი და დარჩეს ამ ეტაპზე რეგლამენტში. ეს დაპირება იყო დროებითი ხასიათის, გარკვეულ გარემოებებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ქუთაისი შეიძენს სხვა ფუნქციურ დატვირთვას, გადმოვა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში. მინიშნება კეთდებოდა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ დაპირებით ვართ გარკვეული ფორმით შეზღუდული და ეს დაპირება შეიძლება ორი სხვადასხვა სახით აისახოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.