“საქართველოს ხელისუფლებასთან 285 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც საქართველოსთვის დაახლოებით, 285 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს.
მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს, რაც სწრაფ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.
მარტინის განცხადებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამბიციური რეფორმების გასატარებლად, საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს დგამს.
„საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ინვესტიციები და სოციალური ხარჯები არ შეფერხდება, ხოლო ქვეყნის ვალი მდგრად დონეზე შენარჩუნდება. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მკაცრი ფისკალური ზომები ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ფისკალურ რეფორმებს საბიუჯეტო დისციპლინის შესანარჩუნებლად, ფისკალური წესების არსებული საზღვრების დაცვით“, – განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სავალუტო ფონდის მისია და საქართველოს ხელისუფლება საჯარო ფინანსების მართვის გამკაცრების მნიშვნელობაზე შეთანხმდა. კერძოდ, უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების გასაჯაროება და კონტროლი, გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები