ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის მიზნით პროკურორები მივიდნენ

“იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც, ჩვენ მიერ დასმულ მნიშვნელოვან და კრიტიკულ კითხვებს ბრალდებული პასუხებს გასცემს”, – ამის შესახებ ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე განაცხადა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის განახლებას გეგმავს.
რაც შეეხება ბრალდებულის მოთხოვნას ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ საკითხზე თავად ბრალდებულს გაესაუბრებიან.
“გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით, რომ გაგრძელდეს ეს საგამოძიებო მოქმედება. იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც, ჩვენ მიერ დასმულ მნიშვნელოვან და კრიტიკულ კითხვებს ბრალდებული პასუხებს გასცემს. ჩვენ რა ინფორმაციაც გაგვაჩნია, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც არის ნორმაში და მას შეუძლია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.
გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მამა გიორგისთვის ოჯახის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და სანამ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დამატებითი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დეკანოზი თავს შედარებით კარგად გრძნობს. მამა გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ დაკავებულის სურვილია, ზიარება მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები