პროკურორი ე.წ. ციანიდის საქმეზე: იმედია, ბრალდებული დღეს მაინც გასცემს შეკითხვებს პასუხს

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატებს სიცრუეში ადანაშაულებს.
წიკლაურის განმარტებით, ადვოკატებს ბრალდებულის გამოკითხვა და გამოკითხვის ოქმის გამოძიებისთვის წარდგენა თავადაც შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დაცვის მხარის განცხადებები გაჭიანურებასა თუ ბრალდებულზე ზეწოლის შიშებზე, სპეკულაციებია.
„იმედია, ბრალდებული დღეს მაინც გასცემს შეკითხვებს პასუხს. ადვოკატების მხრიდან ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას ბრალდებულზე რაიმე ზეწოლა მოხდებოდა, არის მორიგი სიცრუე. ადვოკატებისთვის თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ბრალდებულის ჩვენება, შეეძლოთ მისი გამოკითხვა და წარმოედგინათ გამოძიებისთვის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის უბრალოდ სპეკულაცია მათი მხრიდან, ვინაიდან ყოველდღიურად სიცრუის ტირაჟირების გარდა, სხვა პროცესუალური შესაძლებლობები არ გააჩნიათ“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მისივე თქმით, ბრალდებული ყოველ ჯერზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სხვდასხვა მიზეზს ასახელებდა, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ექიმის თანხმობა ჰქონდა იმაზე, რომ ბრალდებულს შეეძლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ერთხელ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურორებთან შეხვედრა საერთოდ არ ისურვა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები