პროკურორი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკითხვა 5-ჯერ შევთავაზეთ, იგი 27 თებერვალს დაიკითხება 

“ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული  დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება”, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
პროკურორმა ბრალდებულისა და ადვოკატების განცხადებებს სიცრუე  უწოდა და  აღნიშნა, რომ საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებმა ბრალდებულს ჩვენების მიცემა ხუთჯერ შესთავაზეს.  მისივე თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და სხვადასხვა მიზეზებით,  ჩვენების მიცემისგან უარს აცხადებს.
„დაკავების შემდეგ, მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ, უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ, როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად. რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა ნიმუშები. რაც შეეხება დაკითხვას, გ. მამალაძე დაიკითხება ორშაბათს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ, რა თქმა უნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე”, – განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები