საგანმანათლებლო პროგრამა: „კუკნები – ქართული თოჯინის ისტორია” იწყება

27 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით, ხელოვნების სასახლეში საგანმანათლებლო–შემეცნებითი საბავშვო პროგრამა „კუკნები – ქართული თოჯინის ისტორია“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეთათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პატარებს საოცარი თავგადასავალი ელოდებათ. მათ საშუალება ეძლევათ, მუზეუმში დაცული მეფე-დედოფალთა უძველესი თოჯინები იხილონ და მიღებული შთაბეჭდილებებით საკუთარი კუკნები შექმნან.
ხელოვნების სასახლეში ქართველ მეფეთა და დედოფალთა თოჯინების უნიკალური კოლექცია ინახება. საქართველოში თოჯინებს დიდი და მეტად საინტერესო ისტორია აქვთ.
გადმოცემის მიხედვით, ამ პატარა არსებებს არა მხოლოდ გასართობად, არამედ სხვადასხვა განსაკუთრებული მიზნობრიობითაც იყენებდნენ. ქართული ოჯახები თოჯინებს ხან გამრავლებას, ხან ბუნების ძალთა გამგებელ “ღვთაებათა” გულის მონადირებას, ხან დარს და ხანაც წვიმის მოსვლას შესთხოვდნენ.
ამიტომაც ისინი ოდითგანვე ქართული ოჯახისათვის მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენდნენ.
პროექტის მიზანია:

1. ბავშვები დაათვალიერებენ თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლეს, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს;

2. გაეცნობიან მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურებენ საინტერესო სამყაროში, დაათვალიერებენ 5 მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები;

3. მონაწილეები მოისმენენ ქართული თოჯინის, ანუ კუკნას ისტორიას;

4. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. მუზეუმში დაცული მეფე-დედოფალთა უძველესი თოჯინების ხილვის შემდგომ ბავშვები საკუთარი ხელითა და იმპროვიზაციით დაამზადებენ ახალ კუკნებს;

5. პროგრამის მიზანია, დაინტერესდნენ ბავშვები მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით. გაეცნონ ქართული ტრადიციული თოჯინების საინტერესო ისტორიას, გამოიმუშაონ ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები