„უვიცობის დემონსტრირებას რომ მოახდენ, პასუხსაც მიიღებ“ – ბესელია და ბოკუჩავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

“აბსოლუტურად არაკომპეტენტური, აბსოლუტურად ზედაპირული, საკითხისადმი სრულიად უვიცი დამოკიდებულება არის ის, რასაც ახლა ვისმენდი”, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადება.
ბესელიამ ბოკუჩავა კანონპროექტის შინაარსის უცოდინრობაში დაადანაშაულა.
”ჩემს წინა გამომსვლელს აუცილებლად უნდა ვუთხრა, რომ ცოტა მეტი დრო დახარჯოს და წაიკითხოს, რაზე საუბრობს კანონპროექტი. აბსოლუტურად არაკომპეტენტური, აბსოლუტურად ზედაპირული, აბსოლუტურად საკითხისადმი სრულიად უვიცი დამოკიდებულება არის ის, რასაც ახლა ვისმენდი. ჯერ ერთი, ის მაინც უნდა წაიკითხოთ, თუ ვინ არის კანონპროექტის ინიციატორი. ამისთვის ცოტა მეტი დრო უნდა დახარჯოთ – იმაზე უფრო ნაკლები, რაც იმ არასერიოზული შეფასებების გაკეთებას სჭირდება, რასაც ახლა პარლამენტი ისმენდა. პარლამენტის სტანდარტი არის ისიც, რომ პარლამენტის წევრმა, რომელიც საკითხზე საუბრობს და აქვს პრეტენზია, რომ მას გულდასმითა და ყურადღებით უნდა მოუსმინონ, უნდა იცოდეს რაზე საუბრობს. არც ის იცი და წარმოდგენა არა გაქვს, საერთოდ რას ნიშნავს ინსპექტორის ფუნქცია და უფლებამოსილება, არც იმ მოდელთან დაკავშირებით არა გაქვთ არავითარი წარმოდგენა, რა არის სისტემა, რა ტიპის კონტროლის მექანიზმზე ვსაუბრობთ. ჯერ თავი უნდა დაანებოთ პერსონალურ მომართვებს და როდესაც პერსონალურ მომართვებს აკეთებთ, პერსონალურად მიიღებთ პასუხს. პარლამენტის ტრიბუნიდან უვიცობის დემონსტრირებას რომ მოახდენ, პასუხსაც მიიღებ. კარგად წაიკითხე კანონპროექტი, კარგად გაერკვიე, რაზე საუბრობ და მერე შეიძლება მოგისმინოს კიდეც”, – მიმართა ბესელიამ ბოკუჩავას.
საპასუხოდ, ბოკუჩავამ ბესელიას უტიფარი უწოდა. შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სცადა და დეპუტატებს კორექტულობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები