ლელა ჩიქოვანი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ანდრეს პილდეგოვიჩს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასაწყისში, ლელა ჩიქოვანმა ლატვიელ დიპლომატს პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ყურადღება რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო ბალტიის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მხარდაჭერის საკითხებსაც. მინისტრის მოადგილემ ლატვიელ სტუმარს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია უწყების რეფორმის განუყოფელი ნაწილია და პროცესში პარტნიორების აქტიური ჩართვა მნიშვნელოვანია. ლელა ჩიქოვანმა სტუმარს SNGP-ს განხორციელების საქმეში ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნის, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან თანამშრომლობასაც.
შეხვედრას საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალია, ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი, ლატვიის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
დღესვე, ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართა შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები