ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 23 თებერვალს 10:00 საათზე დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფაკულტეტების არჩევის პროცესი აგვისტომდე გაგრძელდება.
ცენტრის ინფორმაციითვე, 23 თებერვალს გამოქვეყნდება ფაკულტეტების ცნობარის ელექტრონული ვერსიაც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა.
აბიტურიენტს პირველ ეტაპზე უწევს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა, იმ გამოცდების მითითება, რომლის ჩაბარებასაც აპირებს. მეორე ეტაპზე, აბიტურიენტს, რომელსაც მითითებული აქვს პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი გამოცდები, შეუძლია შეცვალოს მითითებული გამოცდა (მაგ.: ქიმიის ნაცვლად მიუთითოს ბიოლოგია), გამოცდის ენა (მაგ.: თუ ზოგადი უნარები ქართულ ენაზე ჰქონდა მითითებული, რუსულენოვანი ტესტი აირიჩიოს) და ა. შ. რაც შეეხება საგამოცდო ქალაქს, ამას აბიტურიენტი შემდეგ ეტაპზე ვერ ცვლის.
“აბიტურიენტებს და მათ მშობლებს მინდა მივმართო: პრინციპი ძალიან მარტივია – პირველ ნომრად ის ფაკულტეტი უნდა მიუთითოთ, სადაც ყველაზე მეტად გსურთ სწავლის გაგრძელება და ასე განაგრძოთ. შეგიძლიათ ყველა ის პროგრამა აირჩიოთ, სადაც თქვენ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება – რაოდენობა შეზღუდული არ არის! ცხადია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სწავლების საფასური თქვენთვის მისაღები იყოს, ასევე, სასწავლებლის ადგილმდებარეობა და ა. შ. ეს ყველაფერი ცნობარშია მითითებული. მერწმუნეთ, სხვა „ჯადოსნური“ ფორმულა არ არსებობს, ეს ერთადერთია”,- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა.
2016 წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა, რაც გამოცდებზე გამოცხადებული აპლიკანტების 74%-ზე მეტია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი 6 500-მა აბიტურიენტმა მიიღო. აქედან 100 %-იანი დაფინანსება 1012-მა, 70 %-იანი 1456-მა, ხოლო 50 %-იანი დაფინანსება 4078-მა სტუდენტმა მიიღო. გარდა ამისა, 4000-მდე სტუდენტი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. აბიტურიენტებს ჩარიცხვისა თუ გრანტის შესახებ ინფორმაციის მიღება სმს შეტყობინების ან გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები