ლევან კობერიძე: ხელისუფლება ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას ასრულებს

უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ ეკონომიკურ პროცესებზე საუბრობს.
როგორც ის აცხადებს, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და ხელისუფლება ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას ასრულებს.
“ჩვენი ოპონენტების მხრიდან მხოლოდ ნეგატივზე ხდება აქცენტირება და გვინდა, მოსახლეობას მივაწოდოთ ის პოზიტივი, რაც რეალურად, იანვრის განმავლობაში მოხდა საქართველოში.
რაც შეეხება გაზრდილ ექსპორტს 45%-ით, რაც შეეხება ლარის კურსის სტაბილიზაციას, რომელიც დაახლოებით 2,59 ნიშნულზეა ჩამოსული, 10 ერთეულით დაიწია თითქმის, 15 მლნ.-ით გაუმჯობესებული სალდოს მაჩვენებელს და ა.შ. ანუ საუბარია იმაზე, რომ ეს არის ის ტენდენცია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავპირდით ჩვენს მოსახლეობას უკეთეს ცხოვრებას, ჩვენ დავპირდით ჩვენს მოსახლეობას თითოეული მათგანისათვის კიდევ უფრო უკეთესი პირობების მიღწევას და ეს ასე იქნება მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ”, – აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია, გარკვეულ მედიასაშუალებებთან ერთად, ცდილობს, საზოგადოებას მოდელირებული სამყარო შეუქმნას, სადაც მხოლოდ ნეგატიური პროცესები ხდება.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ოპონენტები, რომლებსაც ასევე, აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, იმიტომ, რომ მათ თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ და როგორც მინიმუმ, მათ წინაშე უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას, კვლავ ცდილობენ, რომ მოდელირებული სამყარო შექმნან და ამაში დააჯერონ ან ჩაითრიონ მოსახლეობა. ასე ვიტყოდი, სამწუხაროდ, მედია საშუალებების გარკვეულ ნაწილთან ერთად. მაშინ, როდესაც შედგა შეხვედრა საპატრიარქოში, პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრს შორის და ამ შეხვედრის შემდეგ კეთდება განცხადება, რომ საპატრიარქო სრულად ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ ძალიან მალე მოეფინება ნათელი ყველაფერს, ჩვენი კოლეგა, ოთარ კახიძე გამოდის და ამბობს, რომ  საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობერიძემ.
დეპუტატი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა.
“მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიცით ჩვენ ის ფაქტები, რაც ხდებოდა სადაზღვევო სისტემაში თქვენი მმართველობის დროს და სამწუხაროდ, გარკვეული ხარვეზები იყო დარჩენილი, მათ შორის ბაზების გაყოფასთან დაკავშირებით და აუცილებელი იყო ეს ბაზების დაყოფა იმისათვის, რომ რეალურად გაიმიჯნოს, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ხარჯები კერძო სექტორისგან და ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ზურამ და ის მაინც აყენებს საკითხს და ამბობს, რომ 30%-ით, თუ სწორად მახსოვს, გაიზრდება ხარჯები. ანუ ეს არის ის, რაც თქვენ გინდათ, რომ თქვათ. თქვენ გინდათ, აცხოვროთ აი, ამ მოდელირებულ ქვეყანაში საზოგადოება. თქვენდა სამწუხაროდ, ეს ასე ნამდვილად ვერ იქნება და მინდა გითხრათ ერთი – იქნებ თქვენ თვითონვე ხართ პროკურორებიც მინისტრებიც, აღმასრულებელიც და რაღაში გჭირდებათ მაშინ ეს საგანგებო პროკურორები. პირდაპირ თქვენვე დასკვნებსაც აქვეყნებთ, ამბობთ კიდევაც ყველაფერს როგორ არის, მერე ცდილობთ ამის ტირაჟირებას მედიაში და ა.შ. ეს არის ყველაზე ცუდი. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ხდება თქვენი მხრიდან იმიტომ, რომ ეს არის მცდელობა იმის, რომ საზოგადოება ჩაითრიოთ იმ რაღაც “სანტა ბარბარას” სერიალში, რომელშიც თქვენ გინდათ, რომ წეროთ რაღაც გარკვეული სცენარები. არ გამოვა ასე. საზოგადოება ხედავს, საზოგადოება ძალიან კარგად სჯის ყველაფერს და მე მოგიწოდებდით, რომ როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პროგრესულ განაყოფს, ასევე, რეგრესულ განაყოფს, რომ იფიქროთ იმაზე, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ხმა მოგცათ, მათ წინაშე, როგორც მინიმუმ, ხართ ვალდებულები და უნდა ისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც რეალურად ადარდებს მოსახლეობას. “რუსთავი 2″-ის საკითხზე როდესაც მსჯელობთ, ქონებრივი დავა თუ არის, თქვენს ადგილას, დავიწყებდი ქონებრივი დავაზე საუბარს, სწორედ იმ ნაწილიდან, როდესაც იმ სამ ადამიანს ჩამოერთვა თქვენი ხელისუფლების მიერ ტელევიზია. ეს არის უბედურება, რომ რეალურ თემებზე კი არ გინდათ საუბარი, არამედ გინდათ საუბარი იმაზე, რაც თქვენს მედიაწესრიგში შედის”, – განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები