გიორგი გახარია: ბიზნესთან კომუნიკაციას ყოველდღიურ, 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
ამის შესახებ გახარიამ „რედისონში” ბიზნესასოციაციის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებს და კოლეგებს ძირითად მესიჯად ვაცნობეთ, რომ მზად ვართ ყოველდღიურ, 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მათთან ისეთივე კომუნიკაცია, როგორსაც მიჩვეულები არიან ისინიც და მიჩვეულები ვართ ჩვენც“, – აღნიშნა გახარიამ.
მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს ის აქტივობები და ინიციატივები გააცნო, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება და პირველ რიგში, სწორედ ბიზნესის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.
შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე მდგარი პრობლემები გააცნეს და გადაწყვეტის გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო უნდა გახდეს სწორედ ბიზნესზე ორიენტირებული, სერვისების მიწოდების სამინისტრო, რომელიც ეფექტურად და სწრაფად შეძლებს ბიზნესისთვის საჭირო საკითხების მოგვარებას.
„ეკონომიკის სამინისტროსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიზნესისა და ბიზნესგარემოს განვითარება, პრინციპულად მნიშვნელოვანია ისეთი სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ჩვენი სავაჭრო ბალანსი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები და მათ გადაწყვეტაში ბიზნესასოციაცია და კომპანიები არიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ ვიმუშაოთ ხვალიდან, როგორი უნდა იყოს ჩვენს შორის კომუნიკაცია და როგორ მივეხმაროთ მათ მიმდინარე თუ სისტემური პრობლემების გადაწყვეტაში”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სწორედ ბიზნესია ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.
“ბატონ გიორგი გახარიასთან შეხვედრების საკმაოდ დიდი ტრადიცია გვაქვს, როდესაც ის გახლდათ ბიზნესომბუდსმენი, დღეს ასევე ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრთან. ჩვენ ბიზნესისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, წამოჭრილი იყო ძალიან საინტერესო თემები როგორც მინისტრის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ, მაგალითად, საპენსიო რეფორმა, კაპიტალური ბაზრებთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ისეთზეც კი, რომელიც ეკონომიკის მინისტრს და მის უწყებას პირდაპირ არ ეხება, მაგალითად, სასამართლოში ბიზნესდავებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის მინისტრი და ეკონომიკის სამინისტრო არის სწორედ ის უწყება, რომელიც ყველაზე ახლოს არის ბიზნესთან და არის ჩვენი მთავარი პარტნიორი“, – აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ.
მისივე განცხადებით, ბიზნესი მზადაა, რომ სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იმუშაოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი და შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის მინისტრს ესმის ბიზნესის პრობლემები, ის არის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება გაგებით საუბარი და ახსნა ყველა იმ პრობლემის, რაც შეიძლება არსებობდეს. სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრ საკითხში არის ჩვენი ხედვების თანხვედრა ეკონომიკის მინისტრის ხედვებთან. ველოდებით, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გია ჭირაქაძემ.
ეკონომიკის მინისტრის რანგში, გიორგი გახარიასთვის ეს  ბიზნესის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები