დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევას

“თავიდან ბოლომდე ვეთანხმები პრეზიდენტის ამ განცხადებას”, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, ე.წ. ციანიდის საქმეზე პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას განაცხადა. ადვოკატის თქმით, ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევას და მის სიტყვას.
”რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები პრეზიდენტის ამ განცხადებას. გუშინვე განვაცხადე, რომ მიუხედავად არაერთი კატეგორიული მოთხოვნისა გამომძიებლის მხრიდან, რომ მეც გაუთქმელობის პირობაზე მომეწერა ხელი, ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე, მიუხედავად იმ დაშინებისა, რომ შეიძლება, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ვუთხარი – ეს თქვენი პრობლემაა, თუ გინდათ, დაიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა-მეთქი და არ მოვუწერე ხელი. დანარჩენი უკვე პროკურატურის გადასაწყვეტია, მოუხსნიან ადვოკატებს ამ ვალდებულებას თუ არა. ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ მიმართეს განცხადებით პროკურატურას, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე პასუხი არ მიუღიათ. ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევას და მის სიტყვას”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეში მხარეთა თანასწორობის პრინციპის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს საქმეზე საუბრის შესაძლებლობა.
„დღეს შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში – მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ”, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები