გურამ ოდიშარია: „კვაჭი არსად წასულა“…

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით თურქულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა PARIS-ის მიერ გამოიცა მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „კვაჭი კვაჭანტირაძე”. თურქულ ენაზე წიგნი ფარნა-ბექა ჭილაშვილმა თარგმნა. ამის თაობაზე მწერალმა გურამ ოდიშარიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გაავრცელა.
„ძალიან გამიხარდა, „კვაჭი კვაჭანტირაძე“ თურქულადაც რომ ალაპარაკდა (მთარგმნელი ფარნა–ბექა ჭილაშვილი; წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ).
გენიალური რომანი! 16602776_1264751873619092_5145886871255310147_n
სკოლაში ვსწავლობდი, პირველად რომ წავიკითხე მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“. და მაშინ გულუბრყვილოდ ვფიქრობდი – კვაჭი წარსულს წაჰყვა-მეთქი.
მერე და მერე ცხოვრებამ მასწავლა, რომ კვაჭი არსად წასულა, რომ კვაჭი მარადიულია, რომ კვაჭი დღეს უნივერსალური გახდა – ნიჭიერი, წინაპრის უნიჭიერესი მემკვიდრე; ისეთი, რომ იმ – ძველ კვაჭის ჯიბეშიც კი ჩაისვამს (რამდენს ვიცნობ ასეთს).
მოდით, სულ ერთი წუთით მოვუსმინოთ კვაჭის:
„– ამხანაგებო! – ასწავლიდა კვაჭი თავის შეგირდებს ჟამსა ოქტომბრის მოახლოვებისასა, – პოლიტიკა ძლიერ წააგავს ძროხას. ზოგნი მას აძოვებენ, ზოგნი კი სწყევლიან. ჭკვიანი კაცი არც სისხლს გეიმეტებს და არც ოფლს დაღვრის ძროხის დევნაში. დეე, გიჟებმა სდიონ მას და აძოვონ, ჩვენ კი მისი კარაქით გავსუქდეთ. ხოლო ძროხის მოწველას ბევრი არაფერი უნდა. დოუყვავე, გოუცინე, გეიშინაურე. აი, ეს არის ერთადერთი ჭკვიანი პოლიტიკა. ნურც ძროხის ფერს იკითხავთ: თუნდ შავი იყოს, თუნდ თეთრი, თუნდ წითელი…“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები