დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კიდევ ერთი მოწმე ადვოკატი ლილი გელაშვილია

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კიდევ ერთი მოწმე ცნობილია. როგორც ადვოკატმა ლილი გელაშვილმა „იბერიის“ ეთერში განაცხადა, ირაკლი მამალაძისა და ადვოკატ ირმა ჭკადუას შემდეგ, ის კიდევ ერთი მოწმეა და აღნიშნული თემის შესახებ, ჯერ კიდევ 24 იანვარს, სოციალურ ქსელში ზოგადად დაწერა. მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურამ გელაშვილი უკვე დაკითხა.
„24 იანვარს შევხვდით ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს. შეხვედრა მისი ინიციატივით მოხდა. გვთხოვა მე და ირმა ჭკადუას და მაშინ ვილაპარაკეთ გარკვეულ თემებზე, მაგრამ მაშინ ეს არ იყო დაზუსტებული ინფორმაცია. ის შემოიფარგლებოდა ზოგადი ფრაზით, რომ მგონი რაღაც ცუდი ხდებოდა. 24 იანვრიდან თითქმის არ გვძინებია, ისეთი შოკისმმოგვრელი იყო ის ინფორმაცია, რაც მან მოგვაწოდა. ამის შემდეგ, რამდენიმე მტკიცებულება წარმოგვიდგინა, რომელთა შინაარსზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ ვართ მოწმის სახით დაკითხულები. გაფრთხილებულები ვართ, რომ არ გავცეთ მონაცემები. რაც ჩვენ ვიცით, ის ინფორმაცია აშკარად მოიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ ვურჩიეთ, მას მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის“, – აღნიშნა გელაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ადვოკატი აღნიშნულ საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა. საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს კიდევ ერთი ადვოკატი, ირმა ჭკადუა. გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები