სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გამოძიების კითხვებს უპასუხა

“გამოძიებას ჩემთან კითხვები ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა“, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა ფარულ ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
მამუკა ახვლედიანის თქმით, ჩანაწერებიდან გამომდინარე, მას ფინანსურ მხარესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“გამოძიებას ჩემთან კითხვები ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური კუთხით, არავისთან საუბარი არ მქონია და თუ ჩანაწერსაც კარგად მოისმენთ, მიხვდებით, რომ ფინანსებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ვადასტურებ მხოლოდ ერთ რამეს – საუბარი მქონდა ჟურნალისტებთან, აგრეთვე, შესაძლებელია, ოჯახის წევრებთან, მაგრამ ფინანსური კუთხე მე არ მეხება. მაინტერესებს, ჩანაწერი გვარამიამ ჩაიწერა თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ? რაც მე მოვისმინე, არის ტექსტები, რომლებიც საერთოდ არ მსმენია. ვფიქრობ, სხვადასხვა ადგილებიდან არის ჩაწერილი. არ უარვყოფ, რომ ჩემი ხმა ისმის ჩანაწერში, მაგრამ სხადასხვა ადგილებშია ჩაწერილი”,- განაცხადა დაკითხვის დასრულების შემდეგ მამუკა ახვლედიანმა.
საქმე ეხება 2016 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, სადაც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანს შორის საუბარია ჩაწერილი. გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის მიხედვით, გვარამია და ახვლედიანი “რუსთავი 2″–ის საქმეზე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერში ნიკა გვარამია და მამუკა ახვლედიანი 6 მილიონ ლარზე საუბრობენ, რომელიც სავარაუდოდ, მამუკა ახვლედიანს უნდა მიეღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შსს-ს შუამდგომლობა, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საქმეზე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ დაიკითხა საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები