მოსამართლემ გუკა და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილმა გუკა და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შესახებ იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება და მაია რჩეულიშვილისთვის ახალი ბრალის დადგენილების საქმეში დართვას ითხოვდა. პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა ახალი დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. მისი თქმით, არსებობს მიმალვის საფრთხე და ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დარჩნენ.
რჩეულიშვილების ადვოკატებმა პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა დააყენეს: მაია რჩეულიშვილისთვის 50 000-ლარიანი, ხოლო გუკა რჩეულიშვილისთვის 150 000-ლარიანი გირაოს სახით. უფლებადამცველმა განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა.
სხდომაზე განცხადება გააკეთა გუკა რჩეულიშვილმა. „მალე მამა გავხდები. ჩემი მეუღლე ორსულადაა, მე მას და ჩემს შვილს ვჭირდები და იქნებ გამათავისუფლოთ გირაოს სანაცვლოდ“, – აღნიშნა რჩეულიშვილმა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე დაცვის მხარის მიერ გირაოს მოთხოვნას პროტესტი მოჰყვა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა მხრიდან, თუმცა ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილნი დარჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები