თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება.
28+1 ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განიხილება საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასევე განვიხილავთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს თავდაცვის რეფორმირების კუთხით, მათ შორის თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვის დოკუმენტს.

„ჩვენ შევაფასებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დასტურია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სხდომაზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. მან თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და არსებული რესურსების ეფექტურ მართვაზეა ორიენტირებული და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების საშუალებას იძლევა. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს და დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ალიანსის ქვეყნებიდან საქართველოში მოვლენილი ექსპერტები.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირისპირ გამართა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან, კენეთ ჰენდელმანთან და თურქ კოლეგასთან, ფიქრი იშიკთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები