გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და იგი მალე სამშობლოში დაბრუნდება.
„მინდა, ვუსურვო პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელი ინსტიტუციის, ერთიანობა მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ, უადგილოა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. მივცეთ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ. მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობასა და ვინაობას გამოძიება დაადგენს,“ – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა, რათა ბერლინში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოენახულებინა.