შეუძლია თუ არა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე განაცხადის გაკეთება – სპეციალისტის განმარტება

კანონმდებლობის თანახმად, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე განაცხადის გაკეთება კვლავ შეუძლია. ამის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრმა გიორგი გახელაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „რეალური სივრცე“ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს ნებისმიერ დროს. საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს ფიქსირებულ ვადებს ავტორიზაციის განაცხადის შეტანის მხრივ. ნებისმიერ დროს შეუძლია სკოლას ავტორიზაციის თაობაზე განაცხადის შემოტანა მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდეც, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად გონივრული იქნება“, – განაცხადა გიორგი გახელაძემ.16753959_582670408605813_31389223_n
შეგახსენებთ რომ, ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, 5 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 4 სექტემბრის №38 გადაწყვეტილებით მიენიჭა. სწორედ საბჭოს სხდომაზე, დაწესებულებას განემარტა, რომ სკოლას არ ჰქონდა უფლება ქართულენოვანი სექტორის პარალელურად, სწავლება განეხორციელებინა თურქულენოვან სექტორზე, რადგან თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სკოლას ის უნდა გაეუქმებინა.
„გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებების საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფების ვიზიტები, სკოლა-ლიცეუმში 2016 წლის 3, 4 და 5 ნოემბერს და 2017 წლის 20, 21 და 22 იანვარს განხორციელდა. მათი დასკვნით კი დადგინდა, რომ სკოლის დირექტორის 2015 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა თურქულენოვანი სექტორიდან, უცხო ქვეყნის 82 მოქალაქის გადაყვანა ქართულენოვან პარალელურ კლასებში. თუმცა, გადაყვანილი პირების პირადი საქმეების შესწავლით გაირკვა, რომ გადაყვანამდე არ მომხდარა არც მათი განათლების აღიარება და არც ექსტერნის წესით მათი მზაობის დადგენა ზოგადი განათლების ცალკეულ კლასებში სწავლებისათვის.16780000_582670368605817_324846991_n
სკოლის ამგვარი ქმედებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. შეიზღუდა სექტორიდან სექტორზე გადაყვანილ პირთა ზოგადი განათლების მიღების უფლება, რადგან ქართულენოვან სექტორზე მათი გადაყვანა მოხდა ისე, რომ კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა მათი არც ენობრივი და არც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება. შედეგად, ქართული ენის არცოდნის გამო, მოსწავლეები ვერ ითვისებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში, რაც დასტურდება სასკოლო ჟურნალებით. მეტიც, გარკვეული რაოდენობის მოსწავლეთა ადგილსამყოფელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სკოლისთვის უცნობი იყო და მისი დადგენა ვერ მოხდა მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის დროს. ამის მიუხედავად, აღნიშნული პირები მოსწავლის აქტიური სტატუსით სარგებლობდნენ და მათზე წლების განმავლობაში გაიცემოდა ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც, რეალურად, არ მოხმარდა ზოგადი განათლების მიზნებს.
მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, სკოლის მხრიდან კანონდარღვევის ტენდენცია გაგრძელდა 2016-2017 სასწავლო წლებშიც, როდესაც სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.
ამ და ყველა სხვა დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები