დეკანოზის ადვოკატი: ბოლომდე ჩემთანაც არ გაიხსნა, თუ რატომ ითხოვს ასე კატეგორიულად ოჯახის უსაფრთხოებას

ბოლომდე ჩემთანაც არ გაიხსნა, თუ რატომ ითხოვს ასე კატეგორიულად ოჯახის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი თვლის, რომ ხელისუფლების ორგანოები შეცდომაში არიან შეყვანილნი და იმედი აქვს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება.
„განსაკუთრებით დამაბარა, რომ ის ითხოვს ოჯახის უსაფრთხოებას. ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ ამის შესახებ, თუმცა ბოლომდე ჩემთანაც არ გაიხსნა თუ რატომ ითხოვს ასე კატეგორიულად ოჯახის უსაფრთხოებას. დეკანოზი რომ არ გრძნობდეს, რომ ოჯახს შესაძლოა გარკვეული საფრთხე ემუქრებოდეს, ამის შესახებ არ ისაუბრებდა”, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას, ადვოკატის თქმით, მას ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვს.
”მე რამდენიმე ვერსია მაქვს გადმოყვანასთან დაკავშირებით და უშუალოდ უნდა გავარკვიო სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. აღნიშნულთან დაკავშირებით თვითონ ბრალდებულს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან ის ამბობს, რომ ძალიან კარგად ექცევიან. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაღალი სიცხე აქვს, თუმცა ექიმები ყურადღებას აქცევენ”, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ ითხოვს მასზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან შეხვედრას, თუმცა კონკრეტულად ვისთან, ამის შესახებ არ საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები