სოსო ოხანაშვილი პროკურატურაში მის დაკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს

„ეჭვს ვერ შევიტან ჩემი ბიჭების პროფესიონალიზმში. პატრიარქის უსაფრთხოება ყოველთვის იყო უზრუნველყოფილი, მანამდეც, ახლაც და მომავალშიც იქნება“, – აცხადებს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.
მისი თქმით, იგი კარგად იცნობს ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მას დადებითად ახასიათებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ თუკი მისი ბრალეულობა დამტკიცდა, ის უნდა დაისაჯოს.
„რა თქმა უნდა, ვიცნობდი და ვიცნობ, დადებითად დავახასიათებ. გაოგნებული ვარ უბრალოდ და არ ვიცი… თუ დამტკიცდა ბრალდება, უნდა დაისაჯოს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
პატრიარქის დაცვის უფროსი ამბობს, რომ მისი თბილისში ჩასვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა აუცილებელი იყო, რადგან ეს პატრიარქის უსაფრთხოებას ეხებოდა. ამასთან, მისი თქმით, დეტალებზე გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ვერ ისაუბრებს.
”მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან მე ამჟამად ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ეს უშულოდ ეხებოდა ამ თემას. დამიბარეს, ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან. ვერ დაგიდასტურებთ, არის თუ არა საუბარი ბრალდებაში უმაღლეს სასულიერო პირზე, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. როგორც გამოაცხადეს, გრიფით საიდუმლო არ არის, მაგრამ ხელწერილი არსებობს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და დღეს ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
სოსო ოხანაშვილი აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში დასაკითხად, ბერლინიდან თბილისში ჩამოვიდა და კვლავ პატრიარქთან დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები