დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს პროკურატურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, იგი საქმის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, რადგან მას საგამოძიებო უწყებასთან გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული.
„პროკურატურაში საქმის გაუხმაურებლობაზე ხელი მაქვს მოწერილი. ვარ ერთ-ერთი მოწმე, თუმცა საქმეში არის სხვა უამრავი მტკიცებულება. რაც შეეხება იმას, მე ჩავწერე თუ სხვამ, ეს იყო ღონისძიება თუ სხვა რამ, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა საბოლოოდ საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს.
ვინც მე მიცნობს, ზუსტად იციან, რომ მე იმას არ გავაკეთებდი, რაც რეალობასთან ახლოს არ არის. მე არ მივიღებდი არავის დაგეგმილ სცენარში მონაწილეობას. ადამიანები, რომლებსაც ეძინათ, ხვრინავდნენ, რომლებიც პოსტებს წერდნენ ამ დღეების მანძილზე, ამ დროს რამდენიმე ადამიანს არ ეძინა და მთელი სახელმწიფო უწყება იდგა თავის სიმაღლეზე. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ნამდვილად ავიცილეთ უმძიმესი დანაშაული თავიდან“, – აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან ინტერვიუში ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრე ცაავამ ისაუბრა. საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამ ინტერვიუს დროს გახმაურდა. გადაცემაში გახდა ცნობილი, რომ პროკურატურაში საქმის მასალებში, მტკიცებულების სახით, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ინტერვიუ ფიგურირებს, რომელიც მან დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ჩაწერა. მამალაძე საგამოძიებო უწყებაში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ამჟამად ე.წ. მატროსოვის საპყრობილეშია მოთავსებული, თუმცა მანამდე ბრალდებული სასჯელაღსრულების სამინისტროს რუსთავის მე-6 საპყრობილეში იყო მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები