მამა გიორგი მამალაძის დაკავებას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ეხმაურება – “ყველა დაისჯება”

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ ვერაგულ განზრახვაში მონაწილე ყველა პირი კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება. მისი განცხადებით, იგი ენდობა გამოძიებას და მის დასრულებას ელოდება.

„გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან“, – აღნიშნულია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრის (შიოლაშვილი) განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები