დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დახურულ სხდომაზე იმსჯელა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების მოხდენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე – პატიმრობა გამოიყენა.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები