ირაკლი შოთაძე არ აკონკრეტებს, გეგმავდა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მოწამვლას
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ აკონკრეტებს, გეგმავდა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მოწამვლას.
როგორც შოთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოკვეთილია რამდენიმე ვერსია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„არ მითქვამს ამ შემთხვევაში პატრიარქის მოწამვლაზე. მე ვისაუბრე იმ ინფორმაციაზე, იმ მტკიცებულებაზე, იმ ბრალეულობაზე, რომელიც გაგვაჩნია. ამ ეტაპზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება. კონკრეტულად პიროვნებებზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ამან შეიძლება საგამოძიებო ინტერესები დააზიანოს“, – განაცხადა შოთაძემ.
მისივე ინფორმაციით, კონკრეტული პიროვნება, ვის მიმართაც მზადდებოდა მკვლელობის მცდელობა, იდენტიფიცირებულია, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიებიც და გამოძიება გრძელდება.
მთავარი პროკურორის განცხადებით, საქმის მასალებში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები – აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, თუმცა მათი გასაჯაროება პროკურატურას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.