პროკურატურა: მამა გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს

მამა გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. განცხადების თანახმად, მამა გიორგი მამალაძემ კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.
„გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.
გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე  დააკავა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები