ირაკლი შოთაძე: მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს
მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულის წინააღმდეგ არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო და ვიდეოჩანაწერები. მთავარი პროკურორი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, მზადდებოდა თუ არა მკვლელობა პატრიარქის წინააღმდეგ. როგორც შოთაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
„დაკავებული ამ ეტაპზე, ბრალს არ აღიარებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, საქმის დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ვერ ვისაუბრებ, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვერანაირ საკითხზე, თუმცა ამ საქმეზე საზოგადოებას ინფორმაცია დეტალურად მიეწოდება.
არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც სასამართლო განჩინების საფუძველზე იყო მოპოვებული. მოწმეების დაკითხვა გრძელდება“, – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.