ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური ოპერატიული ღონისძიების გატარების შედეგად, სამართალდარღვევის 15 ფაქტი – არარეგისტრირებული სახერხი საამქროები, დიდი რაოდენობით უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებში: მზეთამზე, საკირე, ყვიბისი და ჭობისხევი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს და დალუქეს 12 არარეგისტრირებული, ე.წ. “ლენტური ტიპის” სახერხი საამქრო, სადაც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალა.
გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ადგილზე შედგა შესაბამისი აქტები. ასევე, მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა, სხვა სახის სამართალდარღვევათა გამოსავლენად. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები