დავით სერგეენკო: საყოველთაო და კერძო დაზღვევის პაკეტები გაიმიჯნება

დღემდე არსებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის პირველი ივლისის შემდეგ პირველად, საყოველთაო და კერძო დაზღვევის პაკეტების გამიჯვნა მოხდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ აღნიშნა, ცვლილების განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„საყოველთაო ჯანდაცვა 2013 წელს ამოქმედდა, თუმცა მის შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა. ათეულობით ათასმა ადამიანმა კერძო დაზღვევა დაკარგა და სრულყოფილი საყოველთაო დაზღვევის მოსარგებლე ვერ გახდა.
პირველი მარტიდან, როდესაც ბაზების განახლდება, ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა და მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის მინიმალური პაკეტით სარგებლობდნენ, სრულყოფილ მომსახურებას მიიღებენ, მეორე მხრივ კი, ათეულობით ათასი ადამიანი, რომლებიც ორმაგი დაზღვევით სარგებლობდნენ, კერძო დაზღვევით ისარგებლებენ“, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, 2013 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით 500 ათასამდე პირი სარგებლობდა, თუმცა შემდეგ, ნაწილი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით კერძო დაზღვევა (მაგალითად დაკარგეს სამსახური და ა.შ.) შეუწყდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები გახდნენ. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის პირველი ივლისისთვის კერძო დაზღვეულთა შორის არ ფიქსირდებოდა და პოლისი შემდეგ აიღო, ე.წ. ორმაგი დაზღვევა გაუჩნდა.
„თავიდანვე, 2013 წლის პირველი ივლისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პირები, რომლებსაც 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კერძო დაზღვევა არ ჰქონდათ, ხოლო ის პირები, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები ვერ გახდნენ“, – განაცხადა სერგეენკომ და განმარტა, რომ 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება დღის წესრიგში დადგა.
ცვლილებების შედეგად, 2013 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე პირს, ვისაც კერძო დაზღვევა არ ჰქონდა და საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობდა, საშუალება მიეცემა, საბაზისო პაკეტის მომხმარებელი გახდეს. მეორე მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ე.წ. საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები, 2013 წლის პირველი ივლისის ნაცვლად, 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, დაზღვევის არმქონე პირები ხდებიან. ანუ, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა, გაიმიჯნება და მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი დარჩება.
გარდა ამისა, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე ე.წ. საბაზისო ან მინიმალური პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, გეგმიურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვადის ამოწურვამდე ვალიდური რჩება. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 2017 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები