შალვა პაპუაშვილი – პიტერ ანდრეოლის ვიზიტზე: ეს ვიზიტი გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება
“ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა ეს ვიზიტი და ეს გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და არა რაღაც გამოგონილ, ყალბ, ცრუ იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე უფრო მაღალ ტემპს ისურვებდნენ.
„ზოგადად, მივესალმები, რომ ამ ვიზიტსაც შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს ეხებოდა და არა გამოგონილ საკითხებს, როგორც ჩვენ წინა ადმინისტრაციის დროს გვქონდა, რომ თითქოს გენდერული იდენტობის საკითხებია მთავარი რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დგას იმაზე, აღიარებს თუ არა საქართველო კაცს ქალად და ქალს კაცად. ამ დონეზე ჰქონდა დაყენებული საკითხი წინა ადმინისტრაციას და სამწუხაროდ, ბრიუსელსაც ამ დონეზე აქვს დაყენებული. რეალური თანამშრომლობის საკითხები იყო გვერდზე გაწეული და გამოგონილი იდეოლოგიების მიმართ ერთგულება იყო აღებული როგორც ტესტი თანამშრომლობისა. ამიტომ, მივესალმები, რომ სწორედ ასე საქმიანად, შინაარსობრივად უყურებენ. ნახეთ თქვენ, რომ ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა ეს ვიზიტი და ეს გვაძლევს ჩვენ იმ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და არა რაღაც გამოგონილ, ყალბ, ცრუ იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. იგონებენ იმისთვის, რომ პატარა ქვეყნებს თავს მოახვიონ და დაიმორჩილონ. ასე, რომ იმედით ვუყურებთ, მათ შორის ამ ვიზიტის შედეგებსაც. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისკენ მოწადინებული ვართ. დანარჩენი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხელშია ამ მხრივ ყველაფერი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.