რა მისწერა „საზმაუს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქონების მართვის სააგენტოს – ეკონომიკის სამინისტროს განცხადება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის” არსებული შენობა არის საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული ნაწილი“, – ამ შინაარსის წერილი არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 30 ნოემბერს მისწერა.
წერილში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სააგენტოს „ნიუსრუმის“ მშენებლობისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვდა. წერილს, თან ახლდა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი ქონების მართვის სააგენტომ დღეს გაასაჯაროვა.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტებას აკეთებს: 2016 წლის ნოემბერში სააგენტოში წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი (15464/12; 30.11.2016), რომელსაც დანართის სახით ახლდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. წერილში აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობა არის საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული ნაწილი, რის გამოც ახალი „ნიუსრუმის“ მშენებლობისთვის ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, (ე.წ. მესამე კორპუსში) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა. მათი განცხადებით, მესამე კორპუსი არის აბსოლუტურად მყარი და მის რემონტს გაცილებით ნაკლები სახსრები დასჭირდება, ვიდრე ახალი შენობის აშენებას სხვაგან.
მათივე ინფორმაციით, ასევე გაცილებით მოკლე ვადაშია შესაძლებელი შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ დროისთვის კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები