თამარ ჩიბურდანიძე: რეფორმა, რომელსაც დევნილთა სამინისტრო გაატარებს, ყველა დევნილს ბინით უზრუნველყოფს უახლოეს პერიოდში

“იმ სისტემით, რომელიც ამჟამად გაგვაჩნია, ყველა დევნილის ბინით დაკმაყოფილებას დასჭირდება 53 წელი, ხოლო რეფორმით, რომელსაც სამინისტრო გაატარებს, 5 წელში ყველა დევნილი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
ჩიბურდანიძის ინფორმაციით, ის რეფორმა, რომელიც სამინისტროს მიერ დაანონსდა და რომელიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან აჟიოტაჟის საგანი გახდა, 50 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მისაღები აღმოჩნდა. როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რეფორმაზე სამინისტროსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მუშაობდნენ.
“მე შევხვდი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს და ვესაუბრე იმ რეფორმაზე, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს. გამოიკვეთა, რომ ამ რეფორმის შესახებ ინფორმირებული იყო 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია. აღნიშნული რეფორმის წყალობით, საქართველოში მცხოვრები ყველა დევნილი 5 წლის მანძილზე საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნება, ხოლო თუ გავაგრძელებთ იმ შემწეობების გაცემას, რომელიც დღემდე არსებობდა, ყველა დევნილის ბინით დაკმაყოფილებას დასჭირდება 53 წელი, სწორედ ამიტომ დაიწყო სამინისტრომ ამ პროგრამაზე მუშაობა. დღეის მდგომარეობით, 23000 ოჯახს უკვე გადაცემული აქვს საცხოვრებელი ფართი, 2012 წლიდან დღემდე დაკმაყოფილდა კიდევ 8 000 ოჯახი, 208 წლის აგვისტოს ომში დაზარალებულების ბინებით უზრუნველყოფა მოხდა გრანტებით, ხოლო 2012 წის შემდეგ ეს დააფინანსა სახელმწიფომ. ამიტომ მიიღო სამინისტრომ გადაწყვეტილება, რომ 45-ლარიანზე მეტი შემწეობა გადაეცეს მხოლოდ იმ ოჯახებს, ვისაც ეს მართლა სჭირდება, ამის ხარჯზე, სახელმწიფო შეძლებს ბინებით უზრუნველყოს დანარჩენი დევნილი ოჯახებიც,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები