შსს-ს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის ავტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სპორტული კლუბის პრეზიდენტად არჩილ თალაკვაძე წარადგინა. 2 აპრილს საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის – TCR international-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნება.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TCR Touring Car Racing-ის დირექტორი, მარჩელო ლოტი ეწვია. ხელმოწერის ცერემონიას შს მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პრეზიდენტი – შოთა აფხაზავა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი, შსს-ს სპორტული კლუბის – MIA FORCE-ის წევრი, მსოფლიო ჩემპიონი და შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიის სახე – დათა ქაჯაია, TCR International-ის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას შსს-ს სპორტული კლუბის – MIA Force-ის ახალი პრეზიდენტი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ ddდა მარჩელო ლოტიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს. ხელმოწერის ცერემონიაზე შს მინისტრმა TCR International-ის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო ყოველთვის განებივრებული იყო ოლიმპიური ჯილდოებითა და სხვადასხვა ხარისხის მედლებით. თუმცა, არცთუ ხშირად გვქონდა იმის საშუალება, რომ გვემასპინძლა მაღალი რანგის სპორტული ასპარეზობისთვის. და ახლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და მისი სპორტული კლუბის დიდი ძალისხმევის შედეგად, ავტოსპორტის ვარსკვლავებს ქართულ ავტოდრომზე, მაღალი კლასის შეჯიბრებაზე ვიხილავთ. ეს იქნება კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. საქართველო უმასპინძლებს ავტოსპორტით დაინტერესებულ ტურისტებს და მიმზიდველი ქვეყანა გახდება სპორტული ტურიზმის მიმართულებითაც. გარდა ამისა, ასეთი მაღალი რანგის სპორტსმენების საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ არჩევანი გააკეთონ ჯანმრთელი და წარმატებული მომავლის სასარგებლოდ“.
საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და მისი მიმდინარეობა წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები