მთავარ პროკურატურაში მოსამართლეების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

მედიაში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურას დეპუტატებმა მიმართეს. საუბარია ექსპრეზიდენტის მიმოწერაზე მოსამართლეების მოსყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „პირველს“ საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
„მოგვმართეს პარლამენტარებმა, რომ დავინტერესდეთ, აქვს თუ არა ადგილი გარკვეული სახის ზეწოლას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, დაიწყო თუ არა გამოძიება“, – განაცხადეს პრესსამსახურში. მათი თქმით, „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, გამოძიება 2017 წლის 14 იანვარს დაიწყო და აღნიშნული, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებაც სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდება“.
„პირველის“ კითხვაზე, მსგავსი სახის გამოძიება უკვე არსებობდა თუ არა, პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ არსებობდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების – ბ.ალავიძის და პ.ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„ამ ეტაპისათვის, გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. როგორც გითხარით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურის პრესსამსახურში.
გაზეთ “Українська революція”–ს რედაქციამ სააკაშვილის სკანდალური მიმოწერა გამოაქვეყნა. გამოცემის რუბრიკის გმირები მოძრაობა “Рух нових сил”–ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრე, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე არიან. გაზეთის წინა რუბრიკაში საუბარი იარაღის გაყიდვასა და ჟურნალისტების მოსყიდვაზე იყო. გამოცემის რედაქციის თქმით, “ამჯერად, „გასტროლიორთა“ ცნობილი ჯგუფი სერიოზულად მოეკიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსყიდვის საქმეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები