ევროკავშირის ელჩმა პრემიერს ევროპარლამენტის მხარდაჭერა მიულოცა

16507791_1377408935614929_374795180_n„თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა, რაც დიდი წარმატებაა“, – ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც ელჩმა პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხმა ევროპარლამენტის დეპუტატთა 86%-ის მხარდაჭერა მიიღო. გიორგი კვირიკაშვილმა იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის „რთულ და ხანგრძლივ პროცესში“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ევროპარლამენტში ჩატარებული ხმის მიცემის შემდეგ, შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მას შემდეგ, რაც მივულოცე პრემიერ-მინისტრს, მინდა ყველა თქვენგანს, საქართველოს მოსახლეობას, მიღწეული შედეგი მოგილოცოთ. ეს შესანიშნავი შედეგია. ეს მიღწევა თქვენი და საქართველოს მიერ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ – ჩემი გამოთვლებით, 86%-მა – ყველა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას დაუჭირა მხარი. ეს აჩვენებს იმ პატივისცემას, რომლითაც ევროპარლამენტია გამსჭვალული საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტის მიმართ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა, საუბრისას, ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები