რუსული მედია – თბილისი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასაც ჰპირდება

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას რუსული მედია ეხმაურება. გამოცემა “მოსკოვსკი კომსომოლეცი” ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ევროპაში უვიზო მიმოსვლას ჰპირდება და ამ ტერიტორიებს თბილისი განიხილავს, როგორც საკუთარ ტერიტორიას.
რუსული მედია ასევე წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს სვლა ევროპისკენ საქართველოს მოსახლეობის და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ ევროპარლამენტში ხმა ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მისცეს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ვიზების გაუქმებამ შესაძლოა, დანაშაულის გაზრდა გამოიწვიოს.
რუსულ მედიაში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებაც გავრცელდა, რომელიც აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ყველა პროცედურა მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლაზე კენჭისყრა გადაიდო. მოგვიანებით ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსული სააგენტოს მიერ გავრცელებული ეს ცრუ ინფორმაცია ოფიციალურად უარყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები