პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე: ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

“უვიზო რეჟიმის შემოღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა.
„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგსა და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას. ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მინდა, მათაც მივულოცო ეს უდიდესი წარმატება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი წარმატება წლების განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია.
„დღევანდელი წარმატება არის შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომისა. ეს შრომა დღეს არ დასრულებულა და ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველის დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი და უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების შენებას. ასე რომ, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის თითოეული ჩვენგანის დიდი წარმატება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას დღეს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები